,,ვეურჩებოდით სახელმწიფო რეგულაციებს, ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და მრევლს საწინააღმდეგოს აგონებდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და ხიფათში თავის შეყოფას. ბუნებრივია, რომ ბოდიში მოსახდელი იყო“ – ასე უპასუხა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას, რომელმაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, მისი განცხადების გამო გააკრიტიკა და ,,კონკრეტულობას მოკლებული“ უწოდა.
დეკანოზ თეოდორეს თქმით, სამღვდელო პასუსხისმგებლობა და ვალდებულება, ქრისტიანული რწმენა, ქრისტეს მაძიებლობა, კონსპირაციულმა თეორიებმა ჩაანაცვლეს.
,,სამღვდელო პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, ქრისტიანულ რწმენას, ქრისტეს მაძიებლობას, ჩაენაცვლა კონსპირაციული თეორიები, რომ ჩვენ მტრები გვყავს და რომ შეგვიქმნეს რაღაც გარემო ისეთი, რომ რწმენაზე უარი ვთქვათ. აი, აქ გაჩნდა პრობლემა და გრძელდებოდა საუბარი ცრუ პანდემიაზე. ვეურჩებოდით სახლემწიფო რეგულაციებს, ცალკეული სასულიერო პირები გამოდიოდნენ და მრევლს საწინააღმდეგოს აგონებდნენ, ეს იწვევდა რეგულაციების დარღვევას და ხიფათში თავის შეყოფას. ბუნებრივია, რომ ბოდიში მოსახდელი იყო,“ – განაცხდა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს, საკვირაო ქადაგებისას, ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ პანდემიისადმი სასულიერო პირების დამოკიდებულება დაგმო და თქვა, რომ სამღვდელოებამ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადოს.
,,ხალხი მოვწამლეთ იმითი, რომ კორონა არ არსებობს, პანდემია სისულელეა… მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს ამით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგების გარეშე ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ, ვშიშობდეთ, აბა, მასონებს რა გეგმა აქვთ, აცრებით დაგვღუპავენო. ეს ეკადრება ქრისტიანს და მით უფრო, სასულიერო პირს?!
ჩვენ არ მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ მათ ვუთხარით, ყველაზე მაგრები ვართ, არაფერი გვემუქრებაო. უნდა გამოვიდეთ, შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ“ – განაცხადა ქადაგებისას დეკანოზმა, თეოდორე გიგნაძემ.