„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, „ქართულ ოცნების“ შტაბს ლანჩხუთში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უხელმძღვანელებს (იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ედგა „ოცნების“ საარჩევნო შტაბს სათავეში).
წყაროსვე ცნობით, მომავალ საკრებულოში მმართველი გუნდის მხარდაჭერით ბესიკ ტაბიძე გეგმავს მეორე ვადითაც დაიკავოს თავმჯდომარის პოსტი, მოადგილის თანამდებობაზე კი გოგი ხელაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოში იკავებდა ხელმძღვანელის პოსტს.
„გურია ნიუსის“ წყაროსვე ცნობით, „ოცნებაში“ უკვე გადაწყვეტილია, რომ ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ევიკო ჩიჩუა იქნება სახელისუფლებო ძალიდან, რომელიც ლანჩხუთის ექსგამგებლის, გია გოგუაძის სიძეა და წინა მოწვევის საკრებულოშიც იყო ქალაქის მაჟორიტარი. მაშინ ჩიჩუა დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა, საკრებულოში მოხვედრის შემდეგ „ოცნების“ ფრაქციის წევრი იყო.
ცნობისთვის, ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად გია გოგუაძის პერსონაც განიხილება, ამასთან ამბობენ, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტიის სიაში გამსვლელი ადგილი გარანტირებული აქვს.
ამ ინფორმაციებს „გურია ნიუსთან“ საუბარში ბესიკ ტაბიძე არ უარყოფს, თუმცა, გვირჩევს, საბოლოო გადაწყვეტილებებს დაველოდოთ:
„არის საუბრები, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდება“, _ ამბობს ტაბიძე.
რაც შეეხება ევიკო ჩიჩუას, მისი თქმით, საუბრები მხოლოდ შინაურულ წრეში იყო და ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული:
„გადაწყვეტილება არ მიმიღია ჯერ. შინაურ წრეში იყო მხოლოდ საუბრები. როცა შემოთავაზებები იქნება და გადაწყვეტილებასაც მივიღებ, აუცილებლად გაცნობებთ“, _ გვპირდება ჩიჩუა.
ავტორი: სოფო წილოსანი