„ბარსელონა“ დღეს “კამპ ნოუ” სამეფო კლუბს _ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩში რომ უშეღავათო ბრძოლა იქნება, ამაზე ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკა და სატურნირო მდგომარეობაც მიგვითითებს. ამ ორ გრანდს ერთმანეთში ჯამში 242 თამაში აქვთ გამართული, აქედან 96 თამაში “ბარსელონამ” მოიგო, 95 _ “რეალმა”, 51 _ ფრედ დასრულდა.
სატურნირო მდგომარეობაც ძალიან დაძაბულია _ ორივე გუნდს 35-35 ქულ აქვს და პირველ-მეორე ადგილს იყოფენ. „ბარსელონა“ მეტოქეს ბურთების სხვაობით ჯობნის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო თხუთმეტ თამაშში, რომელიც „ნოუ კამპზე“ ჩატარდა ამ ორ გუნდს შორის, ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
“ბარსელონა” ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც ამ სეზონში სახლში ჩატარებული თამაშებიდან ყველა მოგებული აქვს.
ორივე გუნდი დანაკარგით ხვდება ამ მატჩს, მაგრამ თუ ბლაუგრანას მხოლოდ ფრანგი შემტევი უსმან დემბელე ვერ დაეხმარება, მადრიდის “რეალს” ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება _ ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ მარკო ასენსიო, ედენ აზარი, მარსელო, ხამეს როდრიგესი, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლუკასის თამაშიც. რაც შეეხება მსაჯს, დღევანდელ თამაშს 37 წლის ალეხანდრო ერნანდესი წაუძღვება.
მატჩი თბილისის დროით 23:00 გაიმართება და მისი ნახვა „silk უნივერსალზე“ შეგეძლებათ.