დღეს, 15 საათზე, ლანჩხუთის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბება, სადაც უმთავრესი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა იქნება. როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ პოსტს ოთხი წლის ვადით ნიგვზიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ბესო ტაბიძე ჩაიბარებს.
ტაბიძე წინა მოწვევის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას თავმჯდომარეობდა, მოგვიანებით კი თავმჯდომარის მოადგილის ადგილი დაიკავა. მანამდე კი ნიგვზიანის მაჟორიტარი სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა, გარკვეული ხანი ლანჩხუთის პოლიციის უფროსიც იყო.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „გურია ნიუსი“ ბესო ტაბიძეს დაუკავშირდა.
„ჯერ გადაწყვეტით ვერაფერს გეტყვით. 12 საათისთვის გვეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია“, _ გვითხრა ბესო ტაბიძემ სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მმართველი გუნდიდან საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ლადო ნანაძეც სახელდებოდა.