მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
ამაღლება-ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომიდან მეორმოცე დღეს. იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. ქრისტიანული სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად. ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის, იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა). დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.
დღეს საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.
წირვის შემდეგ პატრიარქი ექვსშვილიან ოჯახებს დალოცავს.
დღეს სამებაში საყოველთაო ჯვრისწერაც გაიმართება.