პირველი სატელევიზიო დებატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთმანეთის პირისპირ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ექვსი პარტიის საპარლამენტო მანდატები ჯერ ისევ ძალაშია – გამოიყენებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში შესვლის შანსს; რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას ცვლილებებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გარეთ; რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვან მუშაობას და როგორ იგებენ პოლიტიკოსები უცხოელი პარტნიორების ღია მოწოდებებს.
საქართველოს პირველი არხის ეთერში დღეს, 22:30 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ბექა დავითულიანი და ბექა ლილუაშვილი, პარტიიდან „ლელო საქართველოსთვის“ ლევან სამუშია, „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი კიკნაველიძე და „გირჩიდან“ ალექსანდრე რაქვიაშვილი დებატებს გამართავენ.
საქართველოს პირველმა არხმა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო და კონსტრუქციული დებატებისთვის სატელევიზიო ეთერი რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.