„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება.
მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.
„ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ აქციას, შეკრებას. ყველამ ერთად ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ევროპულ, ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული.
ჩვენი დეპუტატები იქნებიან ხალხში და არა სცენაზე წარმოდგენილები, რამდენიმე ჩვენგანის გარდა. რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები.18:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან. 2 საათი დასჭირდება შეკრებას 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ 29 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.