ოზურგეთში ე.წ. “ჭადრების ბაღში“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არაპარტიულმა ადამიანებმაც. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის წევრები და კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ წამოწყებული ომი.
“საქართველოს ქმედება არ გამოხატავს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნას. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ასევე ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედებას. რუსეთი არის ოკუპანტი და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს მისი ნამდვილი სახე. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომი და ჩვენ გვახსოვს უკრაინიდან მხარდაჭერა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვედგეთ უკრაინას გვერდით, რადგან ისინი არიან ჩვენი მეგობრები,“ – აღნიშნა აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მჟავანაძემ.
სიტყვით გამოსვლის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის მიერ გავრცელებული განცხადების რცხვენია. მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში დღეს არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას.
“დღეს უკრაინა არის დიდი განსაცდელის წინაშე. ჩვენი მეგობარი ძმები და დები უკრაინაში იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და იბრძვიან ასევე ჩვენ მაგივრადაც. საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ დროს გამოდის სიტყვით და ამბობს, რომ ის არ შეურთდება რუსების წინააღმდეგ სანქციებს. მე მრცხვენია ამ ადამიანის მიერ გავრცელებული განცხადების,“ – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
აქციის მიმდინარეობისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზად არიან მიიღონ ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის უკრაინაში ვერ მიდიან.
ინფორმაციისთვის, “ჭადრების ბაღში“ ეს მეორე აქცია იყო, რომელიც უკრაინის მხადასაჭერად ჩატარდა.
[sexy_author_bio]