“გარდაცვლილ გიგა ავალიანის დედის, ქალბატონ ეკას, თავდაუზოგავი ბრძოლა რომ არა, დღეს ვერავინ იტყოდა, სად იქნებოდნენ მკვლელები.
სიმართლის დასადგენად ყველა შესაძლო გზის არგამოყენების შემთხვევაში, ეს სასტიკი დანაშაული, რაზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა, წლების შემდგომაც ჩვენთვის უცნობი ისტორია იქნებოდა.
და რამდენი ასეთი დანაშაული ხდება ყოველდღიურად?
რატომ უჩნდებათ ახალგაზრდებს მსგავსი სისასტიკის ჩადენის სურვილი?
რატომ ბედავს ადამიანი დღისით, მზისით, ხალხმრავალ ადგილებში დანაშაულის ჩადენას?
პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ცალკეული პირები.
პრობლემა სისტემურია.
ეს არის დაუსჯელობის სინდრომი და ქვეყანაში გაბატონებული კრიმინალი.
დღეს უსაფრთხო აღარაფერია — მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”,_ აღნიშნული პოსტით ეხმაურება ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი პროკურატურის განცხადებას.
ინფორმაციისთვის, დღეს პროკურატურაში განაცხადეს, რომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ, სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ.






























































