სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტერორიზმის, კორუფციის, მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანალიტიკური საქმიანობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ანგარიშის მიხედვით,საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას.
სუს-ის ანგარიშის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა წარმოადგენს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, სუს-ის ანგარიში არის ძალიან მაღალი სტანდარტით შესრულებული. მისი თქმით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
„ჩვენ ვაპირებთ, დავსვათ ძალიან ბევრი კონკრეტული კითხვა. კერძოდ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს უსაფრთხების სამსახური ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციისა და მათი ნეიტრალიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, სუს-ის უფროსისგან მივიღებთ პასუხებს, რის საშუალებასაც ფორმატი მოგვცემს. “, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.