“დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით ის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც მუშაობას ეძახით, ამ ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით – არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს.
ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს – დიახ, უნდა გადაიხედოს.
რა უნდა გადაიხედოს? – თავისუფალი ვაჭრობა? თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა თუ რა? და ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში სად მიდის ესეც უნდა გადაიხედოს და გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ამას. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ამას გადავხედავთ, გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეცოდინებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა. ისინი პრემიერ კობახიძეს აფრთხილებენ, რომ თუ უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.