“საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაიმუნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, შეუძლებელია სააკაშვილის ქმედებების, „კლოუნადის“ შეფასება.
„საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნდის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარა. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხარ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი.
ამასთან, მისივე განცხადებით, სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება.
„ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ამასთან, მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.