დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეოთხე თვეში, დიდ ბრიტანეთში უმსხვილესმა იურიდიულმა ფირმებმა დაიწყეს უარის თქმა რუს კლიენტების მომსახურებაზე – ამის შესახებ Financial Times წერს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელ იურისტებს შეუძლიათ სანქციების ქვეშ იმუშაონ რუსებთან, თუ ისინი მიიღებენ მთავრობის სპეციალურ ლიცენზიას, მაგრამ ბევრს ეშინია თანამშრომლობის გაგრძელების.
„არსებობს მინიშნებები, რომ იურიდიული ფირმები თავს არიდებენ რუსეთთან ურთიერთობას რეპუტაციის რისკების გამო“, – თქვა ჯონათან ფიშერმა, Red Lion Chambers-ის ადვოკატმა.
LK Law-ის ადვოკატის, ადამ გრივზის თქმით, ბევრი ფირმა უფრთხილდება პოტენციურ კლიენტებს რუსეთიდან, მიუხედავად იმისა, ემუქრება თუ არა მათ დასავლური სანქციები.
ცნობისთვის, 2022 წლის აპრილში Freshfields-მა გამოაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას VTB-ის სასარგებლოდ, რომელიც სანქციების ქვეშ მოექცა. ბანკი მოზამბიკის მიერ აღძრული საქმეზე მოპასუხეა ე.წ „ტუნას ობლიგაციების“ სკანდალთან დაკავშირებით. საქმეზე სასამართლო პროცესი 2023 წელს არის ჩანიშნული.
ასევე აპრილში, ამერიკულმა იურიდიულმა ფირმამ White & Case-მა განუცხადა ლონდონის უმაღლეს სასამართლოს, რომ შეწყვეტს რუსეთის წარმომადგენლობას საქმეში, რომელიც ეხება Yukos-ის ყოფილი აქციონერების სარჩელს, რომელიც მოსკოვს ადანაშაულებს ნავთობკომპანიის აქტივების უკანონო ექსპროპრიაციაში.
ავტორი