რუსეთი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ცეცხლს ეთამაშება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მოსკოვის ელჩმა გაეროში, ვასილ ნებენზიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავარი მიზანი რუსეთის დისკრედიტაცია და დელეგიტიმაციაა, თუნდაც დაუსაბუთებელი ბრალდებით.
როგორც ცნობილია, ყოფილ რუს ჯაშუშს სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს, იულიას, დიდ ბრიტანეთში 4 მარტს ნერვული აგენტით, ე.წ. „ნოვიჩოკით“ თავს დაესხნენ.
ექიმების თქმით, რამდენიმე დღის წინ იულიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სერგეი სკრიპალი კი კვლავ უგონოდ იმყოფება.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ თავდასხმის უკან რუსეთი დგას, მოსკოვი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას უარყოფს.
როგორც ნებენზია აცხადებს, ნერვული აგენტი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს რუსეთში წარმოებული არ ყოფილა და მომწამვლელი ნივთიერება, რომელსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია, უკვე ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.
„ეს აბსურდული თეატრია. უკეთესი ყალბი ამბის შეთხზვა ვერ შეძელით“ ,_თქვა ნებენზიამ.
გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა კი რუსეთი საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უსაფრთხოებას იცავენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იულია სკრიპალთან იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ თხოვნას იულია დათანხმდება.
გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის თქმით კი, რუსეთი უშიშროების საბჭოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას ცდილობსმ, რაც მიზანშეწონილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ მომხდარის გამო რუსეთის ელჩები 20-ზე მეტი ქვეყნიდან გააძევეს, მათ შორის საქართველოდანაც.