დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს.
„დიდი ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მიმდინარე მოვლენებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედს და ადამიანების უფლებების დაცვას“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, ოპოზიცია დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას მოითხოვს. პარალელურად, დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას სარჩელი იხილება. ოპოზიციას არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადება სურს. მათ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს.
არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს გაიმართა და კვლავ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო, რადგან არჩევნებამდე შესაძლო მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალოდ ჯერ რუსეთში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა. ბჟანია სოხუმში მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში დაბრუნდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური ძალები გუშინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.