სოფელ ვაკიჯვარში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შესახებ „გურია ნიუსთან“ ადგილობრივები საუბრობენ.
როგორც კოტე ინწკირველმა გვითხრა, რომ საშიშროება მის საცხოვრებელ სახლსაც ემუქრებოდა.
“სახანძრო მანქანა რომ არ მოსულიყო დროულად, ჩემს სახლზე გადმოვიდოდა ცეცხლი. არაფერი ვიცი, ვინ წვავს ან რას წვავს“.
ნორა ბარსენაძე: “მძიმე ღამე გვქონდა, მეგონა ჩემს სახლს წაეკიდა ცეცხლი. ახლა ყველაფერი კარგად არის“.
ლია ლიპარტელიანი:
“ძალიან ახლოს იყო სახლთან ხანძარი. დედაჩემი შოკში კინაღამ ჩავარდა. სახლი ძველია და რომ მოკიდებოდა ცეცხლი ვერ მოხერხდებოდა მისი გადარჩენა. დიდი საფრთხე გვემუქრებოდა. მთელი სოფელი დაგვეხმარა. ყველანი ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, 10 ჰექტარზე იყო დაკვამლიანება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.