მმართველი გუნდის წარმომადგენელი შოთა ხაბარელი ,,გურია ნიუსთან“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ხაბარელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს და დაადგენს, რომელ უწყებას მიუძღვის ბრალი გამოძიების არაკომპეტენტურად წარმართვაში. ამასთან, ხაბარელის თქმით, დღეს პროკურატურა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, რაც, მისი თქმით, არასწორია.
,,პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აქედან გამომდინარე, დაიწყება ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველას ბრალეულობა გამოიკვეთოს და გავიგოთ, სად იყო ჩავარდნა, პროკურატურაში თუ სასამართლოში. პროკურატურა ისეთი უწყებაა, რომ ხშირად იყრის თავს პრეტენზიები. დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება დღეს პროკურატურა. მოსამართლეებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ანალიზის გაკეთება მოგვიწევს, რამდენად არის მიზანშეწონილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ამიტომ ეს არის დროის ფაქტორი, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობა არის საჭირო“, _ გვითხრა ხაბარელმა.































































