2022 წლის ზამთრის პერიოდი და მარტის თვე, წინა წლებთან შედარებით დიდთოვლობით და რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოირჩეოდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომრთულმა კლიმატურმა პირობებმა და ინტენსიურმა გაწმენდითმა სამუშაოებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის საფარის ძლიერი დაზიანება და ორმოების გაჩენა გამოიწვია.
“დეპარტამენტმა, თებერვლის თვეში ამინდის მოკლეხნიანი გაუმჯობესების პირობებში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული ადგილების დიდი ნაწილი შეაკეთა. ჯამში შეკეთდა 22 000 მ2 სიგრძის გზის საფარი, მაგრამ ხელახლა გაუარესებულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, კვლავ გამოიწვია გზის საფარის დაზიანება და ორმოების უკვე სხვა ადგილებში გაჩენა.
ამ დროისათვის, ყველა კონტრაქტორი მობილიზებულია საჭირო ტექნიკით, რათა ტემპერატურის ზრდისა და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე და მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში დაიწყოს არსებული დაზიანებების აღდგენა.
გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით გზებზე შექმნილი შეფერხებისთვის. მოვუწოდებთ მძღოლებს გადაადგილდნენ ფრთხილად და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ სპეციალურ რეჟიმებს”,_ ნათქვამია განცხადებაში.