რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „Four Four Two“ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების ასეული გამოაქვეყნა. ამ სიის სათავეში, როგორც მოსალოდნელი იყო, არგენტინელი დიეგო მარადონა მოექცა.
პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
დიეგო მარადონა (არგენტინა), ლიონელ მესი (არგენტინა), პელე (ბრაზილია), იოჰან კრუიფი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ფერენც პუშკაში (უნგრეთი), რონალდო (ბრაზილია).
უნგრეთის ქალაქ დიორში დასრულდა ევროპის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ ასპარეზობაში საქართველოს სპორტული დელეგაციაც მონაწილეობდა.
ქართველმა ახალგაზრდებმა უნგრეთში ოქროს ოთხი, ვერცხლის ერთი და ბრინჯაოს ოთხი მედალი მოიპოვეს. საბოლოო ცხრილში ევროპის 50 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი გვერგო. ცხრიდან რვა მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს, ერთი ბრინჯაო კი _ კანოისტებმა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ“-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, შესაძლოა, თურქეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.
თურქეთის ნაკრებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფათიჰ თერიმი წვრთნიდა, რომელსაც პოსტის დატოვება ცოტა ხნის წინ სკანდალური ფაქტის გამო მოუწია. ცნობილია, რომ 63 წლის თურქმა მწვრთნელმა სამსახური ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო დაკარგა.
დღეს ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი ყატარში „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ ჰელაიფს შეხვდება. საუბრის შემდეგ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და უახლოეს დღეებში, ფრანგულ გუნდთან ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.
იტალიური სპორტული მასმედიის მტკიცებით, ანტონიო კასანო კვლავ. ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს.
რამდენიმე კვირის წინ 35 წლის მოთამაშემ კლუბ „ვერონასთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ახალ გუნდთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ივარჯიშა, შემდეგ კი დიდი ფეხბურთიდან საერთოდ წასვლა გადაწყვიტა.
განშორება ხანმოკლე აღმოჩნდა. კასანომ ფეხბურთის გარეშე ვერ გაძლო და ამჟამად ახალ გუნდს აქტიურად ეძებს.