სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამში“ კურსკში განვითარებულ მოვლენებს.
„ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა, ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც“, _ წერს მედვედევი.
მისივე თქმით, ვიღაცის მიერ დადგენილი უკრაინის საზღვრები არ უნდა იყოს რუსეთისთვის რაიმე სახის შეზღუდვა.
„შეგვიძლია და საჭიროცაა ღიად საუბარი, მორიდებისა და დიპლომატიური რევერანსების გარეშე“, – წერს მედვედევი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ჩათვლის მისთვის მისაღებად და მომგებიანად.