“2 თებერვალს, თბილისში Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ,,ქართულმა ოცნებამ” კვლავ უკანონოდ შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ამასთან, სრულად უგულებელყო კონსტიტუციის ნორმები და მშვიდობიან აქციას კვლავ რეპრესიული პოლიტიკით უპასუხა. იმ პირობებში, როდესაც აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი სახე, უკანონოდ დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ დემონსტრანტს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, ქალებსა და არასრულწლოვანებს.
ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია, 23 აქციის მონაწილე, მათ შორის, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ერთი არასრულწლოვანი. ყველა გავრცელებული კადრით დასტურდება, რომ არც ერთ შემთხვევაში, არ არსებობდა დაკავების კანონიერი საფუძველი.
გზის გადაკეტვა შეკრებისა და მანიფესტაციის ერთ-ერთ ლოგიკურ გაგრძელებას შეიძლება წარმოადგენდეს და ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ის არ განიხილება სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კი მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
ობიექტურად, კანონის შესაბამისად გამოიძიოს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მომხდარი ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მყისიერად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
სასამართლო ხელისუფლებას:
იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრები”,_ ნათქვამია განცხადებაში.


































































