ახალგორელები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ გააუქმოს ახალი წესი, რაც მათ გადაადგილებაში დამატებით ბარიერებს უქმნით. ინფორმაციას DRI ავრცელებს.
ახალგორის მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თვის განმავლობაში მხოლოდ 10 დღე შეუძლია. ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა – რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის ოციდან ოცდაათ რიცხვამდე იხსნება. რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა, მიმოსვლის უფლებით ჯერ ყველას არ უსარგებლია.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ახლახან ქართულმა საგუშაგომ ახალი რეგულაციები დააწესა. ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს ანდა დაბადების ადგილად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ახალგორი არ უწერია, მათ რუსულ საგუშაგომდე მანქანით აღარ შეუშვებენ. მოსახლეობამ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი-ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს.
DRI მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებულ რეგულაციებში მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვლილი და დამატებით არ უნდა ართულებდეს არსებულ მდგომარეობას. ზემოაღნიშნული ცვლილებები ახალგორელებს ცხოვრების მძიმე პირობებს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.