დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.
“2025 წლის ბოლოდან ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების საშვებზე ვადა გაუვიდა. ამ დროისთვის რაიონის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს მოქმედი საშვები არ გააჩნია.
ბოლო პერიოდში საშვების ვადის გაგრძელების პროცედურა არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გართულდა, არამედ მკაცრ რეგულაციებს დაექვემდებარა. შეზღუდვები განსაკუთრებით საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს შეეხო. თუ აქამდე, არსებულ რეგულაციებით, გადაადგილება ეკრძალებოდათ მხოლოდ ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს, ბუღალტრებსა და იმ თანამშრომლებს, რომელთაც სახელმწიფო ინფორმაციასთან ჰქონდათ შეხება, ახლა საშვების გაცემაზე უარს ტექნიკურ პერსონალსაც ეუბნებიან.
ახალი რეგულაციების თანახმად, საშვების გაცემის პროცესში მოწმდება პირების ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის 5 000-იდან 15 000 ეკვივალენტ ლარამდე კრედიტები, იმ მოტივით, რომ გამოირიცხოს რაიონის დატოვება ფინანსური პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. თუმცა, იმ პირებს, რომლებსაც, ამ ეტაპზე, უარი მიიღეს საშვების გაგრძელებაზე, მსგავსი ტიპის ფინანსური ვალდებულებები არ გააჩნიათ.
აღსანიშნავია, რომ ახალგორის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, სწორედ, საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული. არსებული გარემოებები, ადგილობრივებს მძიმე ვითარებაში აყენებს. მათ უწევთ არჩევანის გაკეთება სამუშაო ადგილის შენარჩუნებასა და ოჯახის იმ წევრებთან დიდი ხნით დაშორებას შორის, რომლებიც გამყოფ ხაზს მიღმა ცხოვრობენ.
მკაცრ რეგულაციებს შერჩევითი სამართლისა და კორუფციული სქემების არსებობა ემატება. ადგილობრივების ინფორმაციით, უსაფრთხოების სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, ყველაფრის მიუხედავად კვლავ ახერხებენ საშვების ყალბი სამედიცინო ცნობების საფუძველზე მოპოვებას. პრივილეგირებული პირებისათვის საშვების გაცემაზე პირადად რაიონის პროკურორი და გამგებელი შუამდგომლობენ.
ახალგორელების ნაწილი, ამ ვითარებიდან გამოსავალს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის წერილით მიმართვაში ხედავენ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს და მხოლოდ მათი ზემდგომების ჩართულობით ფიქრობენ პრობლემის მოგვარებას”,_ აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.



































































