რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულად დაფინანსებას,_ ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.
“26 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიის სხდომაზე, პირველი და მეორე დასკვნითი მოსმენით მოახდინეს 2021 და 2020 წლის შეთანხმებების დამატებითი ოქმების რატიფიცირება. დოკუმენტები რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზური საჯარო უწყებების თანადაფინანსების პირობებს შეეხება.
აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, თანადაფინანსების შეთანხმების დამატებითი ოქმის ორმხრივი რატიფიცირების შედეგად, 2026 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაცია სრულად დააფინანსებს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებსა და პენსიებს. შეთანხმებას თავდაპირველად ხელი 2023 წლის 28 თებერვალს მოსკოვში მოეწერა. თავის მხრივ, აფხაზმა დეპუტატებმა, დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურში თანხების შედინება გრძელდება; ამჯერად, როგორც ადგილობრივები მიუთითებენ, დაფინანსების მასური წილი გაიზარდა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის მოცემულობა, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სრულად რუსეთი აფინანსებს, მიუღებელია; მათთვის აშკარაა, რომ უცხო სახელმწიფოდან სრულად დაფინანსების გამო აფხაზეთის უშიშროების სამსახური, არა საკუთარ, არამედ რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს და იცავს”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.