მომღერალი გივიკო დიდია სოციალურ ქსელ Facebook-ში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რითაც ზაფხულის დამთავრებას ეხმაურება და ადამიანებს მოუწოდებს სოფლებში რაც შეიძლება ხშირად ჩავიდნენ.
„ბავშვობიდან ძალიან განვიცდი ზაფხულის დამთავრებას. რეიზა? მენატრება ბაღნები, ბაღნობიდან ერთად რომ მოვდიოდით და ქალაქში წასასვლელად თვალცრემლიანი, რომ ემზადებოდნენ.
მენატრება სიცოცხლით სავსე სოფლები . მტკივა მიტოვებული სახლები სადაც, ვერ ვხედავ ფანჯრის მიღმა სინათლეს. მოფუსფუსე ბებია-ბაბუებს.
ის ადამიანები მენატრება, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, მეზობლობის ასე ლამაზი წრე, რომ ჩამომიყალიბეს ჩემს ცნობიერებაში და ახლაც არ მინდა ხოლმე დავიჯერო, რომ სხვანაირი მეზობლობა არსებობდა ამქვეყნად, რომ უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის. მენატრება მათი რჩევა–დარიგებები, რომ ვერ ვიტანდით მათ მოსმენას. ჰო, არ ვუსმენდით, სად ვიყავი თურმე, ცხოვრებაში ყველა რჩევა წინ დამიხვდა.
ის ბებია-ბაბუები მენატრება, რომლებიც თავისი შრომის ხარჯზე აძლიერებდნენ ოჯახებს, ქალაქიდან ჩამოსულ შვილიშვილებს ჭყინტი ყველი, კელამიდეს ჭადი, ახალი კარტოფილი და მათ ბოსტანში დაკრეფილი კიტრი და პამიდორი, რომ არ მოკლებოდათ.
ახლა სოფლებში ზაფხული და ზამთარი ერთნაირად მშვიდია. ხშირად აუტანელია სიჩუმე. მიტოვებულია და მე ამას ძალიან განვიცდი! მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ადამიანებო მოახერხეთ და ხშირად ჩამოით რა, გეხვეწებით.
პ.ს ალბათ არეული ემოციური პოსტია, მაგრამ რა ვქნა თუ ხშირად ვაწყდები, არც თუ ისე სასიამოვნო რეალობას“,_ წერს დიდია.