ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მმართველი პარტიის ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების“ ლიდერები არჩილ თალაკვაძე, სოზარ სუბარი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს თქვა, რომ ქვეყანაში ძალიან კონკურენტული არჩევნებია:
„ჩვენ შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, რაც უკვე აშკარად ჩანს. ხედავთ, რომ ის პრეტენზიები, რაც წინა კამპანიების დროს ჰქონდათ საარჩევნო პროცესის მიმართ, ახლა არის აღმოფხვრილი.
ეს არის კონკურენტული არჩევნები, კონკურენცია კი თავისთავად იწვევს ერთგვარ დაძაბულობას. ამ ფონს ემატება ის, რომ გვყავს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტია, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფერებსა და ნომრებში შეფუთული მისი სატელიტები, თუმცა, არის რეალური არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას“, _ თქვა არჩილ თალაკვაძემ.
[sexy_author_bio]