შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
„ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
ვახტანგ გომელაურმა გურიის რეგიონში, დიდთოვლობის დროს გაწეული სამუშაოსთვის, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, -წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თუმცა, არაა დაკონკრეტებული სად და როდის ჩატარდა აღნიშნული შეხვედრა.
თუმცა, ფაქტია, რომ გუშინ საღამოს საათებში ლანჩხუთელმა სამოქალაქო აქტივისტმა ირინა ზარანდიამ სოციალური ქსელით გაავრცელე ვიდეო კადრები, რომ ლანჩხუთის ცენტრში მდებარე რესტორან „ტერასას“ მიმდებარე ტერიტორიას ძალოვანები აკონტროლებდნენ და რიგით მოქალაქეებს არ აძლევდნენ საშუალებას შენობის სიახლოვეს, სადაც ქსელური სუპერმარკეტი და აფთიაქიც მდებარეობს, მანქანები გაეჩერებინათ.
ზარანდიას მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, რესტორანში საქეიფოდ თბილისის მერი, კახი კალაძე იმყოფებოდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ ვახტანგ გომელაურიც იყო.






























































