წუხელ, გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა ლანჩხუთში რამდენიმე ობიექტის გაძარცვა სცადეს. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მძარცველებმა ჯერ ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის გამგეობის მახლობლად არსებული მინი-ჩაის ფაბრიკაში შეღწევა სცადეს, შემდეგ სურსათის უვნებლობის სამსახურის ყველა კარი შეამტვრიეს. თუმცა, როგორც ირკვევა, იქიდან მძარცველებს არაფერი წაუღიათ. სამაგიეროდ, ხელცარიელები არ წასულან მიმდებარედ მშენებარე თხილის გადამამუშავებელი ქარხნის შენობიდან, საიდანაც, დაახლოებით, 1500 ლარის ღირებულების სამშენებლო ტექნიკა და სხვა მასალები წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება პოლიციაში მხოლოდ თხილის გადამამუშავებელი ქარხნის ძარცვის თაობაზე დღეს დილით შევიდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.