რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს ოფიციალურ განმარტებას საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ – ამის თაობაზე მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად დაასახელა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით საქართველოს მიერ ძებნილმა გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში. გიორგაძის განცხადებითვე, აპირებს მოპოვებული დოკუმენტები საერთაშორსო ექსპერტიზაზე გაგზავნოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას იგორ გიორგაძის განცხადებების სისწორეში ეჭვი არ შეუტანია. 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ზახაროვამ განაცხადა, რომ გიორგაძის მიერ მოყვანილი „ახალი ფაქტები“ კვლავ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში მყოფი ამერიკელი სამხედროების რეალურ მიზნებს და ამოცანებს და მათ მიერ სამედიცინო ეთიკის და საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემას.
წყარო: “რადიო თავისუფლება”