მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იგონებდა: “ერთი შემთხვევა სატირალიც იყო და სასაცილოც. ერთ–ერთ სეზონზე ნაძალადევის თეატრში ვდგამდით “სურამის ციხეს”. მე ბიჭის როლს ვასრულებდი. კულისებში ვიდექი სცენაზე გასასვლელად მომზადებული, როცა ერთი ხანშიშესული მეხანძრე მომვარდა და სრულიად მოულოდნელად ისე მაგრად ჩამაფარა თავში, რომ თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა. წამავლო საყელოში ხელი და მიმათრევს გარეთ:
– მე შენ ვერ მოგაშლევინე ხომ, აბა, ახლა მიყურეო, – მიყვირა. რის ვაი-ვაგლახით გავინთავისუფლე თავი.
– რას შვრები, ბიძია, რა გინდა ჩემგან, – შევძახე, მაგრამ ამაზე სულ გადაირია.
– ერთი ამას დამიხედეთ, რა თავხედი ყოფილა!
ამასობაში ხალხი მოგროვდა და რა იყო, რა მოხდაო – კითხულობდნენ. რა და, მაგისგან სისხლი მაქვს გამშრალი, ყოველ წამს ისე იპარება ფანჯრიდან, კაცო, გინახავთ ამნაირი? – მე სიმწრისგან ცრემლმორეულმა ვუთხარი:
– ძია, მე არტისტი ვარ, არტისტი.
– ჰაიტ, შე გლახა, გასწავლეს ხომ ასე თქვიო? შენისთანა ჭიაყელა არტისტი არ გამიგონია მე!
თურმე, ნუ იტყვით, ერთ ნაძალადეველ ბიჭს მიმამსგავსა და ჩვენი თეატრის ადმინისტრატორი რომ არ ჩარეულიყო, საქმე ცუდად დამთავრდებოდა: ქალბატონო გოგუცა, რას ალაპარაკებდით ამდენს, აგეწიათ პარიკი და მიხვდებოდა! – მეხანძრე კი გაკვირვებული იყურებოდა, ვის მიმართავს ქალბატონობითო. მართლაც იძულებული გავხდი, პარიკი მომეხსნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა მეხანძრე.