ძიმითში, ხარაიშვილების _ თამაზ ხარაიშვილის და ნანა მჟავანაძის ოჯახს შოტლანდიელი ქალბატონი, მარჯორი ბრეი სტუმრობს.
ქართულ პოლიფონიაზე, ყველაფერ ქართულზე შეყვარებული ქალბატონის მეგობრობა ამ ოჯახთან, ათეული წლების წინ დაიწყო. შემდეგ კი, როგორც პოეტი და მთარგმნელი, თამაზ ხარაიშვილი ამბობს, სამუდამოდ გაგრძელდა.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქართული პოლიფონიის მკვლევარი, ნანა მჟავანაძე, მარჯორი ბრეისთან ერთად, დიდი ხანია, თავს დასტრიალებს ქართულ პოლიფონიას. ამჯერად თბილისში გამართულ მრავალხმიანობისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმში ღებულობს მონაწილეობას. ათეული წლების წინაც ის სწორედ ასეთ სიმპოზიუმზე დასასწრებად ჩამოვიდა და დიდი მეგობრობაც აქედან დაიწყო.
და ეს მეგობრობა არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ საქართველოს მიმართ გაგრძელდა. აქ მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მამაცი გული“, რომლის მეშვეობითაც წამოუდგენელი დახმარება გაუწია ქართველ შშმ პირებს.
„ძიმითში ერთი კვირაა გვსტუმრობს მარჯორი ბრეი, ტომით შოტლანდიელი, სულით ქართველი მომღერალი და უანგარო ქველმოქმედი. საქართველოში ამჯერად ჩამოვიდა მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმისთვის, რომელიც თბილისში იმართება და სადაც მოხსენებითა და ქართული სიმღერებით წარსდგება. საქართველოში მას ბევრი იცნობს, ეს არის ქალი ლეგენდა, უზომოდ შეყვარებული საქართველოზე და ქართულ პოლიფონიაზე, ეს არის ადამიანი, რომელიც ქართულად საუბრობს მხოლოდ ქართული სიმღერების ტექსტების გამოყენებით, როცა ვინმეს შექება უნდა, ეუბნება: „შენ ხარ ვენახი!” ერთხელ, თბილისში, თავზეხელაღებულ ტაქსისტს საჭეზე სტაცა ხელი და მკაცრად უთხრა: _ „მოვა სიკვდილი უჩინო…” დატოვა ორდიპლომიანი ტაქსისტი პირღია…
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის თანადგომა და მეგობრული კეთილგანწყობა, რომელსაც ჩვენი ოჯახის მიმართ იჩენს,“ – ამბობს თამაზ ხარაიშვილი.
ავტორი