წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ჯუმბერ ბლაგიძის ინფორმაციით, ადრე დილიდან აწარმოებს შემოვლას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
„გრიგოლეთიდან მოყოლებული ყველგან დავდივარ, კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა არხი გადავსებულია წყლით. მოსახლეობისგან, ჯერჯერობით, რაიმე შეტყობინება არ შემოსულა მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. დატბორილია საყანე ფართობები, განსაკუთრებით იმ მონაკვეთზე, სადაც ჩინური კომპანია მუშაობდა“, _ გვითხრა ჯუმბერ ბლაგიძემ.
ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, კი წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა სოფლის შიდა გზები.
„ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ყველგან დაზიანდა სოფლის შიდა გზები, რომლებიც ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა თუ სხვა სახის რა ზიანი მიადგა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს“, _ გვითხრა სარიშვილმა.
ძლირმა წვიმამ სოფელ ჭყონაგორაში რამდენიმე ოჯახი დატბორა. მათ შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა ირინა ორმოცაძის ოჯახში იყო. ეს ის ადგილია, სადაც ყველა გაწვიმებისას მოსახლეობას პრობლემა ექმნება და მისი გადაჭრის გზები წლებია ვერ გამოიძებნა.
ასევე, ცუდი მდგომარეობა იყო ქალაქის ტერიტორიაზეც, სადაც მოვარდნილ წყალი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა და ქუჩები დაიტბორა.