სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე შენობაში მოსახლეობამ იპოვა სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მათი თქმით, თვეზე მეტია იციან, რომ ნარჩენები იქაა. ამის შესახებ ინფორმაციას tv პირველმა გაავრცელა.
„ტვ პირველის“ რეპორტიორის თქმით, შენობის დასუფთავება მხოლოდ სოფელში მათი გადამღების ჯგუფის გამოჩენის შემდეგ დაიწყეს.ტელეარხის თანახმად, ადგილზე მივიდა სოფლის რწმუნებული, რომელიც, ტელეარხის ცნობითვე, ამბობს, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ ჰქონდა.ტელევიზიის გავრცელებულ კადრებში ჩანს პირი, რომელიც რამდენიმე ადამიანს – რომელიც შენობის შესასვლელთან იმყოფებიან – ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს:„პირბადეები გაიკეთეთ ყველამ ,ახლა ვინმე რომ მოვიდეს შემოწმებაზე, ჯარიმა მექნება მე“.„გაიკეთეთ პირბადეები, მოცილდით ტერიტორიას, ეგი მინდა“, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში პირი, რომლის თქმითაც ვალდებულება აქვს აღებული, რომ ტერიტორია დაასუფთავოს.
როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, „საშიში ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის“ ბრალდებით ორ კვირაზე მეტია, სამი პირია დაკავებული, – თუმცა სამედიცინო ნარჩენები დღემდე არ გაუტანიათ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გარემოს დაცვის სამინისტროს, სადაც უთხრეს, რომ:
სამინისტრო ინფორმირებული იყო მომხდარის შესახებ; ვინაიდან საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, საქმეში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც შინაგან საქმეთა, ასევე გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებში ამბობენ, რომ [მსგავს ვითარებაში] ტერიტორიის ნარჩენებისგან დასუფთავება და ნარჩენების გატანა მათი უფლებამოსილების სფეროში არ შედის.































































