ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია დამთავრებულად გამოაცხადა და ახლადდანიშნული ორი სამსახურის უფროსიც წარადგინა.
სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის პოსტზე, რომელიც ვაკანტური რამდენიმე დღის წინ გახდა, ნატა კობალავას კანდიდატურა შეირჩა. იგი ამ სამსახურში 2007 წლიდანაა დასაქმებული. ჯერ მთავარი სპეციალისტი იყო, გასულ წელს კი დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. კობალავას კანდიდატურის პარალელურად, იყო საუბარი ირმა კვაჭანტირაძეზეც, რომელიც წლების წინ მესამე საჯარო სკოლის დირექტორი იყო.
რაც შეეხება კიდევ ერთ ა(ა)იპ-ის, რომელიც სამუსიკო და სამხატვრო სკოლების გაერთიანებით შეიქმნა, აქ ბევრი ხელმძღვანელად საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გოგი ხელაძის კანდიდატურას მოიაზრებდა, რომელიც ახლა საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის თანაშემწეა.
თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ლია ურუშაძის კანდიდატურაზე შეჩერდა, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული იკავებდა კულტურის დარგში ხელმძღვანელ პოსტებს. წინა ხელისუფლების პერიოდში ჯერ სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრს, შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სამსახურს ედგა სათავეში. ბოლო პერიოდში კი კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.
გარდა სამსახურების უფროსებისა, მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში საკუთარი წარმომადგენლებიც წარადგინა. აღმოჩნდა, რომ 16-დან, ჯერჯერობით, 12 ადმინისტრაციულ ერთეულშია დანიშნული მერის წარმომადგენელი. კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსია გამოცხადებული ჩოჩხათში, ლესაში, ნინოშვილსა და სუფსაში.
როგორც აღმოჩნდა, კონკურსის შემდეგ ძველმა კადრებმა, რომლებიც ყოფილი გამგებლის, ზაზა ურუშაძის პერიოდში დაინიშნენ სოფლებში წარმომადგენლის პოსტზე, ამჯერადაც მოახერხეს თანამდებობების შენარჩუნება. ცვლილება მხოლოდ შუხუთსა და ქალაქს შეეხო. შუხუთში დათო ფირცხალაიშვილის ნაცვლად მერის წარმომადგენლად გიორგი იმნაიშვილი დაინიშნა, რომელიც ამ პოსტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც იკავებდა. თუმცა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლა მოუწია. როგორც მაშინ ამბობდნენ, ამის მიზეზი ყოფილ გამგებელს, ზაზა ურუშაძესა და იმნაიშვილს შორის არსებული უთანხმოება იყო. რაც შეეხება ქალაქს, აქ მერის წარმომადგენლად ლაშა დუდუჩავაა დანიშნული, რომელიც მანამდე რწმუნებულის თანაშემწე იყო.