საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით “კონსტიტუციას ემატება გარანტიები, რომელიც თვითმმართველობას გააძლიერებს”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ G-news TV-ის გადაცემა „კვირის თემაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და “მთავარია ქვეყანას ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გრძელვადიანი ხედვა და ეს უნდა იყოს დაკავშირებული დეცენტრალიზაციასთან”
_ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მთავრობასთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა დეცენტრალიზაციის გრძელ ვადიან ხედვაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მეტად გადავიდეს უფლებამოსილებები ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობაზე აისახება _ ბუნებრივია, რომ მოსახლეობას ყველაზე მჭიდრო კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქვს. რა თქმა უნდა შორს ვართ ევროპული სტანდარტისგან დეცენტრალიზაციის კუთხით და ამიტომ, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საშუალო პერსპექტივაში დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჩვენთან სტუმრობისას.
_ კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ რას გულისხმობთ გაძლიერებაში?
_ ეს გასაწერია, თუმცა, მე ჩემი სუბიექტური აზრი შემიძლია გითხრათ _ მაგალითად, ვფიქრობ, რომ უმჯობესია სოციალური დახმარების დანიშვნის კომპეტენცია ადგილობრივ დონზე გადავიდეს, რადგან ბევრად უკეთესი შესაძლებლობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას სწორად განსაზღვროს შესაბამისი საკითხი _ ვის ეკუთვნის მეტად სოციალური დახმარება, როგორ უნდა განაწილდეს ყველაფერი და ამ კუთხით შეიძლება კონკრეტული კომპეტენციების განაწილება. ასევე, ზოგადი განათლების სფეროც გაფართოვდეს, უფლებამოსილებებიც და ა.შ. თუმცა, ეს ზედაპირული ხედვაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური სტრატეგია შემუშავდეს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი რა კომპეტენციები როდის შეიძლება გადავიდეს, რა ფორმით შეიძლება გადავიდეს და თვითმმართველობაზე და ამას უნდა მიჰყვეს რესურსები. პირველ რიგში ქონებრივი, ფინანსური და ადამიანური, რადგან კომპეტენციებს სჭირდება ახალი ცოდნა, _ ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილება 7 თვითმმართველი ქალაქის დამატების თაობაზე “სულელური იყო”:
_ მე თავის დროზე ვიყავი გაყოფის წინააღმდეგი და მქონდა კონკრეტული არგუმენტები, მათ შორის სოციალური, ეკონომიკურ-ფინანსური, ადმინისტრაციული და ასე შემდეგ. მაშინ, მოგეხსენებათ, რომ კოალიციურ რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დღეს საუბარია ამის გადახედვაზე.
ვფიქრობ, რომ ძველი სისტემა უკეთ იმუშავებს. თუმცა, ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ისეთი ნაჩქარევი ფორმით, როგორც მოხდა თავის დროზე. კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ თუ რა შედეგებს გამოიღებს ერთეულების კვლავ გაერთიანება ერთეულების და ამის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
_ ისევ გაერთიანებას თვითმმართველობის არჩევნების წინ არ უნდა ველოდოთ?
_ ეს არ არის გამორიცხული. ნაჩქარევში ვგულისხმობ შინაარსობრივად ნაჩქარებ გადაწყვეტილებას.. ზოგადად რაც შეეხება ქალაქი რაიონის სისტემას, ბევრ ქვეყანაში ასეთი სისტემა. არ ხდება, რომ ერთ შენობაში ორი მუნიციპალიტეტი იჯდეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა კოალიცია, სამი თვით ადრე, ლატვიაში გვყავდა წაყვანილი დეპუტატები და სამინისტროს წარმომადგენლები. მაშინ იუნდიპიში ვმუშაობდი. ლატვიაში მოქმედებს ეს სისტემა და იქ პირდაპირ თქვეს, რომ ეს იყო 90-იან წლებში მიღებული ყველაზე სულელური გადაწყვეტილება.
ჩვენ დავბრუნდით და 3 თვის თავზე მივიღეთ ეგრეთ წოდებული სულელური გადაწყვეტილება, რაც ზოგად გადახედვას საჭიროებს. თუმცა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე. ის რესურსი, რაც არის დღეს, მაგალითად იგივე ოზურგეთზე, ზუგდიდზე და ა.შ. განაწილებული აუცილებლად, უნდა დარჩეს ადგილობრივ დონეზე და ამან არ უნდა გამოიწვიოს ასევე რადიკალური ცვლილებები საკადრო კუთხით და ა.შ. საჭიროა ძალიან სწორად განსაზღვრა იმის, თუ რა უნდა გაკეთდეს.
_ ბატონო ირაკლი, ეს სულელური გადაწყვეტილება კოალიციამ მიიღო თუ „ქართულმა ოცნებამ“?
_ საბოლოო ჯამში კოალიციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ოპონირების რეჟიმში წარიმართა შიგნითაც, დისკუსიაც იყო და ვფიქრობ, მაშინ არ იყო სწორი ნაბიჯი გადადგმული. ახლა მთავარია, სწორად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და ამის საფუძველზე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.