სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშით, პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მმართველობა პატიმრების ძალადობისაგან დაცვის თვალსაზრისით კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ე.წ მაყურებლების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებას, მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებენ არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს.
„2019 წლის მსგავსად, 2020 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმების დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პრივილეგირებული პატიმრების მიერ სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ სხვა პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ იყენებს პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის, საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს). პრივილეგირებული პატიმრები სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან“,_ ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ არაფორმალური მმართველობის აღმოფხვრისათვის შეემუშავებინა გეგმა და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, მითითებული ღონისძიებების გატარება უნდა მომხდარიყო პატიმრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში, უნდა გამორიცხულიყო ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება, რათა თავიდან აცილებულიყო შესაძლო წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან დასჯა, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა არ დაადასტურა პენიტენციურ დაწესებულებების არაფორმალური მმართველობის პრაქტიკის არსებობა.
ავტორი: ანნა ზაქაშვილი