პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მიერ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ხუხაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შესაძლოა, საპატრიარქოს განცახდების უკან გარკვეული ჯგუფი იდგეს, რომელიც ეკლესიის იმიჯის შელახვას ცდილობს. ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ეკლესია სიყვარულს უნდა ქადაგებდეს და არა სიძულვილის ტირაჟირებას.
,,ბუნებრივია, ასეთ ფაქტებზე საპატრიარქოს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს. სხვა საკითხია, რომ ამ პოზიციის გამოხატვის ფორმასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი დამოკიდებულება შესაძლებელია არ გვქონდეს. მხედველობაში არ მაქვს გაბუნიასთან მიმართებით შიდა ბოიკოტის გამოცხადება, რაც მათი უფლებაა, მაგრამ, რაც შეეხება აგრესიულ მოწოდებებს თავად ამ სასულიერო პირებისთვის არის საზიანო. რელიგიას სიყვარული აძლიერებს და არა წყევლა და ნეგატიური გზავნილები. განცხადებაში მთავარი გახლავთ ის, რომ საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფად იმოქმედეთ, თორემ ნეგატიური დაპირისპირება შესაძლოა დაიწყოსო. ვფიქრობ, ეს ნაწილი ძალიან გაუგებარია, თუ მათ აქვთ გარკვეული ინფორმაცია ამ უმართავი პროცესებისა, ეს კულისებში უნდა შეატყობინონ ხელისუფლებას. ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის მთლიანად ეკლესიის მიერ შედგენილი წერილი, რაღაც ჯგუფი მოქმედებდა, ალბათ. რადგან არ მახსოვს პრეცენდენტი, რომ პატრიარქს ამ ტიპის წითელი ხაზები გადაეკვეთოს, ეს არ არის ეკლესიური ქმედება“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.