17 თებერვალს ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღე იყო. იგი 1859 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ყელაში გლეხის, თომა ინგოროყვას ოჯახში დაიბადა. ეგნატე ნინოშვილმა, იმავე ეგნატე ინგოროყვამ სულ რაღაც 35 წელი იცოცხლა. მისი სამწერლო მოღვაწება სულ რაღაც შვიდ წელს ითვლის. ქართული ლიტერატურის ისტორია სულ რამდენიმე ისეთ შემთხვევას იცნობს, როცა მწერალი ასეთ მცირე დროში ქმნის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც შემდეგ “ცხოვრებას” აგრძელებენ.
„XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშილმა პირველმა ასახა, გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა იარსებებდა-დაწერა ფეისბუქზე კინოდოკუმენტალისტმა ირაკლი მახარაძემ.
ლანჩხუთში, სოფელ არჩეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა და აქ გარდაიცვალა 35 წლის ასაკში მწერალი. დაკრძალულია მეზობელ სოფელ ჩანჩეთში. 1894 წლის მისი დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი.
ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურული ტიპის ოდა-სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისაგან, ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე, შედგება სამი ოთახისგან. შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, გადახურულია მარსელის კრამიტით, სამთავე ოთახში არის ბუხარი. სახლი საგვარეულო იყო, იგი ეკუთვნოდა ეგნატეს მამას, ბიძას და მამიდებს. ოთახები მოწყობილია მათი მემორიალური ნივთებით. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.