წიაღისეულის საწვავის საწინააღმდეგო მოძრაობის, Just Stop Oil-ის აქტივისტებმა, ლონდონის ეროვნულ გალერეაში, ვინსენტ ვან გოგის ნახატს, “მზესუმზირებს”, პომიდვრის წვნიანი შეასხეს.
ნახატი მინითაა დაცული, რაც ეკოაქტივისტებმა გაითვალისწინეს თავიანთი აქციის დაგეგმვისას. როგორც იტყობინებიან, ტილო არ დაზიანებულა. ამის შემდეგ 21 წლის ფიბი პლამერმა და 20 წლის ანა ჰოლანდმა თავი მიიწებეს კედელზე, ნახატის ქვეშ. გოგონებმა მოუწოდეს პერფორმანსის მაყურებლებს, დაფიქრებულიყვნენ ნავთობის კრიზისსა და საწვავის ფასებზე, რომელთა გამოც “სიცივეში მყოფ მილიონობით მშიერ ოჯახს იმის საშუალებაც არ აქვს, რომ ერთი ქილა წვნიანი გაიცხელოს”.
ინციდენტის შემდეგ, ეროვნული გალერეის თანამშრომლებმა ყველა მნახველი გაიყვანეს დარბაზიდან.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მოძრაობა Just Stop Oil-ი მჯდომარე საპროტესტო აქციებს ატარებდა გზებზე ლონდონის ცენტრში. ჰოლანდიელმა მხატვარმა, ვინსენტ ვან გოგმა “მზესუმზირები” 1888 წელს დახატა, საფრანგეთში ყოფნისას.
ნამუშევარი 84 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ეს სერია შვიდი ტილოსგან შედგება, რომელთაგან თითოეულზე გამოსახულია მზესუმზირების თაიგული ლარნაკში. ერთ-ერთი ნახატი განადგურებული იქნა მეორე მსოფლიო ომის წლებში.