რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უწყება ამბობს, რომ შემთხვევამ 3 სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.
ტელეგრამ–არხი BAZA წერდა, რომ ენგელსის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
“26 დეკემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 01:35 საათზე, რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის რეგიონში ენგელსის სამხედრო აეროდრომთან მიახლოებისას. თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე“, – ამბობს უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საავიაციო ტექნტიკა არ დაზიანებულა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მდებარე აეროდრომებზე სარატოვისა და რიაზანის ოლქებში იერიშები მიიტანეს.
დაზიანდა Ту-95-ის ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი. როგორც გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, უკრაინელებმა იერიშებისთვის მოდერნიზებული საბჭოთა დრონები გამოიყენეს.
ცნობისთვის, რუსეთი ამ აეროდრომებს უკრაინაზე მასობრივი იერიშების მისატანად იყენებს. ენგელსის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული.
ავტორი