კოვიდსტატისტიკა საქართველოში ყოველდღიურად უარესდება. სპეციალისტები მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დასახელებული მინიმალური რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებენ. ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას აუცილებლად მიიჩნევენ, ასევე აცხადებენ, რომ თუ თითოეული მოქალაქე ზედმიწევნით დაიცავს ყველა რეგულაციას, თავიდან ავირიდებთ ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე და დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანმო მთელ მსოფლიოს სთავაზობს.
„შარშან, ამ პერიოდისათვის ჩვენ გვყავდა 33 711 ადამიანი ინფიცირებული, დღეს უკვე 55 ათასს გავცდით. მოსახლეობა ვერ შეასრულებს ვერანაირ წარმატებულ საქმიანობას, თუ ის არ იქნება ვაქცინირებული“, – აცხადებს დევი ტაბიძე.
ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი ეკატერინე ჭოლაძე ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს. „ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემის თითოეულ რგოლს, რათა მათ ჰყავდეთ ნაკლები ინფიცირებული და გაუმარტივდეს მუშაობა ამბულატორიას, სტაციონარს და თითოეული ინფიცირებულის მაქსიმალური მოვლა იყოს შესაძლებელი. უნდა შევეცადოთ, ყველა ინფიცირებულის სიცოცხლე შევინარჩუნოთ, რაც საკმაოდ რთულია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის“, _ აცხადებს ეკატერინე ჭოლაძე.
წყარო: იმედინიუსი