საქართველო კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღის საწყის ეტაპზე იმყოფება, _ ეპიდემიოლოგები შემაშფოთებელ ვითარებას პროგნოზირებენ.
არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე მედიკოსები თვლიან, რომ ქვეყანაში ვირუსის პიკი გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ზაფხულში იყო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში – კახეთსა და იმერეთში.
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესებულია. ყველანაირი მაჩვენებელი, რომელიც რეალურად პასუხისმგებელია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, შეიძლება ითქვას კატასტროფულად არის მომატებული.
თუ არ ვეცდებით და არსებულ მდგომარეობას ერთადერთ ბერკეტს არ დავუპირისპირებთ, ეს არის ვაქცინაციის პროცესი, სხვა შემთხვევაში შემოდგომის ბოლოს ქვეყანაში მივიღებთ საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას,” – ამბობს “ჯოენის” სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მაია კაშია.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ტალღები უსასრულობამდე გაგრძელდება, თუ არ მოხდება მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვა. ვაქცინაცია არის ის პირველი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამაც უნდა დაგვიცვას ლეტალური გამოსავლისგან და ჰოსპიტალიზაციისგან,” – ამბობს ნათია გორდაძე.