დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელ საქართველოში დაიწყო.
ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში, დილის ცხრა საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, 119 გამოსაცდელი უნდა შესულიყო.
_გამოცდა ცხრა საათზე დაიწყო. 119 -დან ხუთი გამოსაცდელი არ გამოცხადდა. სიმშვიდეა. კოვიდთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფერი დაფიქსირებულა. ვერ გეტყვით, რატომ არ გამოცხადდა ეს ხუთი აბიტურიენტი. ჩემთვის მიზეზი უცნობია, – გვითხრა ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა.
„გურია ნიუსი “ საგამოცდო ცენტრთან ახალგაზრდებს გაესაუბრა, რომლებიც სხვა გრაფიკით უნდა შევიდნენ გამოცდაზე და ახლა მეგობრებს ელოდებოდნენ.
კითხვაზე, როგორია მათი განწყობა გამოცდების წინ, რამდენად მოტივირებულად გააკეთეს არჩევანი და რა აზრის არიან ზოგადად ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს განათლებზე, გულღად ისაუბრეს, თან გვთხოვეს, ვინაობას ნუ დაწერთო:
_უმჯობესია, ვინაობას თუ არ გვკითხავთ. მე მსურს, არქიტექტორი გავხდე. არანაირად არ მომწონს ჩვენი განათლების სისტემა. იმიტომ, რომ სკოლაში მიღებული განათლებით იშვიათად, ან ვერავინ აბარებს უმაღლეს სასწავლებელში. უნდა ვიაროთ რეპეტიტორებთან, ბოლო ორი წელი მაინც და იქაც რა ხდება? უნდა გადავიმეოროთ, რაც სკოლაში გავიარეთ. მყარ, საფუძვლიან განათლებას ვერც იქ ვღებულობთ… ამიტომ არ გვყავს განათლებული საზოგადოება, – გვითხრა ერთ-ერთმა ყმაწვილმა.
მეორე ახალაგაზრდამ უფრო დააკონკრეტა:
_ მე ბიზნესის მართვის სპეციალისტი მსურს, გავხდე. სკოლაში მიღებული ცოდნა არასდროსაა საკმარისი, რომ ეროვნულ გამოცდები ჩააბარო. საკითხი ასე უნდა იდგეს _ განათლება ბიზნესი არ უნდა იყოს! _თქვა მან.
_რეგისტრაციაში ფული უნდა გადაიხადო. თან საკომისიოც უნდა მიაყოლო,_ ცოტა წაიხუმრა მესამემ – ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს ჩვენმა თაობამ!
ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 630 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
სულ საქართველოში კი -41 ათასი!
ავტორი