7 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი წარმოადგინა. საკითხებიდან ყველაზე მეტი, 13 საკითხი განკარგულების წარდგენის დამტკიცებას, ერთიც დადგენილების დამტკიცებას, სამი პროექტი კი განხილვას ეხებოდა.
დეპუტატებმა უკლებლივ ყველა საკითხს კენჭი უყარეს განსახილველად.
დღის წესრიგში შეტანილი 17 საკითხიდან, ყველაზე მეტი ხმაური და დავა გამოიწვია მეოთხე საკითხმა: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6 ათასი კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”, რომელიც ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა.
საქმე ეხება, აღნიშნული მიწის ნაკვეთის, ტურისტული ეკობანაკის მოსაწყობად, სასყიდლიანი იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში 20 წლის ვადით, იოსებ ერქომაიშვილისთვის გადაცემას.
აღნიშნული ნაკვეთი არის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის განაპირას, სადაც ყოველთვის იმართება საერთაშორისო და ევროპის მასშტაბით, კაიაკის ჩემპიონატი.
2019 წელს გურიაში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი აღნიშნული სპორტის სახეობაში და როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ჩემპიონატის მიმდინარეობისას შემოსული თანხების 70% დარჩა ადგილობრივ მოსახლეობაში.
სხდომას იოსებ (სოსო) ერქომაიშვილიც (გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ახლა ტურიზმის სფეროშია დაკავებული. ავტ.), ესწრებოდა.
საკითხის ირგვლივ ცხარე დისკუსია დაიწყო. კერძოდ, იმის გამო, რომ ერქომაიშვილის გარდა, აღნიშნულ ნაკვეთზე, დღის წესრიგის მეორე საკითხშიც იყო საუბარი _ აუქციონის წესით გასხვისებაზე.
საკრებულოს წევრებმა, მომხსენებელს, ალეკო მამეშვილს უთხრეს, რომ ნონსენსია, მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთ ნაკვეთზე, ერთ გასასხვისებელ ობიექტზე ორი ინიციატივა წარმოადგინოს.
საკრებულოს წევრმა გოჩა კილაძემ, რომელიც ამავე დროს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მართალია, იურისტები ამბობენ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მაინც მიიჩნევს, რომ თუ ერთ ნაკვეთზე ორი ინიციატივა შემოიტანეს, მაშინ გაგრძელდეს საკითხის განხილვა. ამის შემდეგ კი, საკრებულომ უკეთესი ვარიანტი დატოვოს, ან მერიამ უკან გაიწვიოს ერთი ინიციატივა და დატოვოს უფრო უმჯობესი.
_ სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კომისიის სხდომაზე განვიხილეთ და მერიას მივეცით წინადადება, ორიდან უკეთესი ვარიანტი შემოეთავაზებინა, თუმცა, დღემდე არგუმენტირებული პასუხი არ მოუციათ. ჩემი აზრია, მივცეთ მერიას საშუალება, წარმოადგინოს არგუმენტირებული პასუხი, _ განაცხადა გოჩა კილაძემ და საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა, რომ მერია გაურბის პასუხისმგებლობას.
_ ეს არის ქონება, ბიუჯეტია და საჭიროა არგუმენტირებული პასუხი. ორივე მომხიბვლელი წინადადებაა, მაგრამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვას ვითხოვთ, _ თქვა მან.
_ თუ მომცემთ საშუალებას, მე დავასაბუთებ არგუმენტირებულად, _ ითხოვა ერქომაიშვილმა, თუმცა, დავით დარჩია შეეპასუხა, მერიამ დაასაბუთოსო.
უფრო კრიტიკული და კატეგორიული იყო საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” თორნიკე გოგუაძე _ როგორც მან განაცხადა, სირცხვილია აღნიშნული ნაკვეთის გაყიდვა, რადგან აუქციონზე მყიდველმა, შესაძლოა, ის სულ სხვა მიზნით გამოიყენოს და წყალში ჩაიყაროს სპორტული პროფილით მიღწეული წარმატებები, რაც კაიაკინგს უკავშირდება:
_ მე ვემხრობი პირობიანი იჯარით გაცემას. გაყიდვის მომხრე არ ვარ. ასევე, თუ აუქციონის ჩატარდება, ისიც პირობიანი უნდა იყოს. ვთქვათ და მესამე პირიც გამოჩნდა და შეიძინა აუქციონზე. იცით, რას იზამს? იქნებ, მას სულ არ აინტერესებს სპორტის ამ სახეობის განვითარება?! ბატონმა გიორგიმ თქვა, მერია პასუხისმგებლობას გაურბისო. მე გთავაზობთ გამოსავალს _ თუ მერია ვერ წყვეტს ან უარს ვერ ეუბნება ვერც ერთს, მაშინ ჩვენ, საკრებულომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და პირობიანი იჯარით გაცემას დავუჭიროთ მხარი, _ თქვა გოგუაძემ.
_ ვთქვათ და ერთი თვით გადადეთ საკითხის განხილვა. მეორედაც რომ არ მოგეწონოთ, სანამდე უნდა გადადოთ? _ იკითხა საკრებულოს წევრმა ლევან მგელაძემ და მან, გოგუაძის მსგავსად, პირობიანი იჯარით გაცემას დაუჭირა მხარი.
_ ერთსა და იმავე საკითხზე ორი პროექტის წარმოდგენა არის ნონსენსი. საკრებულო საკონკურსო ბიურო ხომ არ არის? ერთ ნაკვეთზე ერთი განაცხადი უნდა შემოვიდეს, _ აღნიშნა საკრებულოს წევრმა, ლავრენტი ბიგვავამ.
საკრებულოს წევრმა, მარიკა ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ მერია საკრებულოს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
საკრებულოს წევრებმა, ხანგრძლივი კამათის და დავის შემდეგ თქვეს, რომ მოესმინათ იოსებ ერქომაიშვილისთვის.
თავის გამოსვლაში სოსო ერქომაიშვილმა სწორედ ამ ადგილის მიმართ მისი ინტერესის დასაბუთება სცადა:
_ საკრებულოს პატივცემულო წევრებო, მინდა გითხრათ, რომ აქ არის საკითხი განვითარებაზე და არა პროცესის რამენაირად ჩიხში შეყვანასა და შეჩერებაზე. რაღაცა იურიდიული კაზუსი თუ მოხდა და თუ არის შესაძლებლობა, რომ ეს საკრებულოში გადაწყდეს დღესვე, ნუ გადადებთ. მოგეხსენებათ, ბიზნესს და ნებისმიერ საქმეს მყისიერი რეაგირება სჭირდება. მოგეხსენებათ ისიც, რომ უკვე 30-ათასლარიანი საგრანტო კონკურსებია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული, რაშიც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და ნაბიჯების გადადგმას.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ამ მუნიციპალიტეტში და ამ ხეობაში მცხოვრებლები, მათ შორის მეც, ამ პროცესის მომხრეები ვართ. ეს პროცესი ახლა დროში იწელება და ეს არის ძალიან ცუდი. მოგეხსენებათ, ეს ამბები 2017 წლიდან მოდის. თუ ამას დროში მოვკლავთ, ასე ვთქვათ, ეს იქნება ძალიან ცუდი _ მიუხედავად იმისა, რომ მერიამ არასწორი ნაბიჯები გადადგა თუ არ გადადგა, ამას იურისტები უფრო შეაფასებენ. ეს პროცესი უკვე ჩიხში შედის და ცუდია. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ჩვენ გვჭირდება ტურიზმი.
ვიცით, რომ შეცდომებია დაშვებული, რა პროცედურებიც გაიარა ამ საკითხმა 2017 წლიდან, მაგრამ საქმე უნდა წარვმართოთ წარმატებისკენ, _ თქვა ერქომაიშვილმა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მოკლედ უპასუხა, რომ წარმოედგინა უფრო დასაბუთებული არგუმენტები.
სოსო ერქომაიშვილმა შეახსენა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ უახლოეს წარსულში ამ საქმეს ერთად აკეთებდნენ:
_ ის ხალხი ხომ ვართ, ვინც ერთად ვაკეთებდით ამ საქმეს უახლოეს წარსულში? მართალია, ახლა სხვა მოწყობაა მერიაში, მაგრამ ეს არაფერს უშლის ხელს. ამ ჩემპიონატს ჩვენ ერთად ვაკეთებდით და მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ…
_ ჩვენ ხელს არანაირად არ შეგიშლით. კარგი იქნება, მერიამ წარმოადგინოს დასაბუთებული არგუმენტები, _ კვლავ გაიმეორა დარჩიამ და განაცხადა, რომ საკითხი გადადებულია.
საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ კოლეგებისგან მოსმენა ითხოვა:
_ ამ თემაზე მე მიხდება არა ჩემი პოზიციის, არამედ კანონის, საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნის დაფიქსირება. მოგახსენებთ, რომ საკრებულოში შეტანილ პროექტს, თან უნდა ახლდეს დამატებითი ბარათი, რომელშიც აისახება აქტის მიღების მიზეზი და საჭიროება, მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარმოდგენილი პროექტის მიღება. ამიერიდან, მე პირადად, არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერ, თუ ყველა წარმოდგენილი პროექტი არ იქნება შესაბამისობაში რეგლამენტის ამ მოთხოვნასთან, _ განაცხადა მან და კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას ამონაწერი, თუ რას მოითხოვს საკრებულოს რეგლამენტი.
საბოლოოდ, საკითხი, რომელიც დავის და ხმაურის ფონზე წარიმართა, გადაიდო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მერიას მიეცა დრო, წარმოადგინოს უმჯობესი ვარიანტი.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს მრავალი განკარგულება, რომლის მიხედვით, საკრებულოს გადაწყვეტილებითვე შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფები. მათი პერსონალური შემადგენლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების, 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას, ასევე ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობასა და ინფორმირებას განახორციელებს.
საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გახორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სხდომაზე დამტკიცდა მერიის დებულებაში შესატანი ცვლილების რედაქცია, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და მერის, მერის წარმომადგენლის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული რეგულაცია ითვალისწინებს.