10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი წლის დევიზია: _ „ერთად დავძლიოთ სუიციდი“.
ზოგადი ფაქტები სუიციდზე, მითები და რეალობა, სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმები, საქართველოს მედია სივრცეში სუიციდის გაშუქების პრობლემები_ ეს ის საკითხებია, რის შესახებაც Frontline Georgia Club-ში სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ საჯარო დისკუსიაზე ორგანიზაციამ „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციამ“ ისაუბრეს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სუიციდია, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
ყოველ 1 სუიციდზე სუიციდის 25 მცდელობა მოდის, გავლენას კი 135 ადამიანზე ახდენს. ასეთი თანაფარდობის გამო კი ყოველწლიურად 108 მილიონი ადამიანი განიცდის სუიციდის შედეგებს.
თვითდაზიანება კი სიკვდილის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზია გოგონებში.
კვლევებმა დაადასტურეს, რომ იმ ადამიანების 90%, რომელთაც სუიციდით დაასრულეს ცხოვრება, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, თუმცა, მოცემულ მომენტში არ მკურნალობდა.
ფსიქიკური პრობლემების გარდა სუიციდს შეიძლება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ქონდეს.
სასიამოვნო საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, გამუდმებული მოწყენილობა, კვებისა და ძილის ჩვევების ცვლილება, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა, საუბარი თვითმკვლელობაზე_ აღნიშნული ჩამონათვალი ფსიქოლოგების მტკიცებით, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ნიშნებად მიიჩნევა, რაც შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული.
საქართველოს, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობაა სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, რისთვისაც იმ ადამიანების გვერდით ყოფნაა საჭირო, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.
როგორც „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, ეკა ჭყონია „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, საქართველოს სუიციდის სტატისტიკის მიხედვით რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემით საქართველოს 87-ე ადგილზეა 182 ქვეყანას შორის, მართალია არ არის პირველ ათეულში მაგრამ საკმაოდ შემაშფოთებელი რიცხვია და საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით და რეგიონში სამწუხაროდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“,_ ამბობს ჭყონია და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა რამ არის გასაკეთებელი.
„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო დონეზე უნდა შემუშავდეს სუიციდის პრევენციის ეროვნული პროგრამა, რომელშიც ჩაერთვება ყველა პასუხისმგებელი უწყება, საზოგადოებაში მოხდეს ამ პრობლემის გაცნობიერება. უფრო მეტი თანადგომაა საჭირო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გლოვობენ ახლობელის სუიციდით გარდაცვალების გამო, რადგან ითვლება, რომ ასეთ შემთხვევაში რისკი არის ძალიან მაღალი.
როგორც „საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გიორგი დონაძე ამბობს, იმისთვის, რომ სუიციდის რიცხვი შემცირდეს, საჭიროა მედიამ უარი თქვას სკანდალურ გაშუქებაზე.