პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე თანაპარტიელებს, თანამოაზრეებს და იმ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და მათ დღეს 15 საათისთვის მთავრობის კანცელარიასთან მისვლისკენ მოუწოდებს:
“ხელისუფლების დღევანდელი ქმედების შედეგად ქვეყანა დადგა არჩევანის წინაშე – ჩვენ ან ვართ დემოკრატიული და ცივილური სამყაროს ნაწილი, ან ვხდებით რუსეთის გუბერნია.
დღევანდელი დღე არის წყალგამყოფი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს უპირისპირდება ციხით, ძალადობით, ცრემლსადენი გაზით, დარბევით, ხელისუფლებას, რომელიც გადის ყოველგვარი სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოდან, აღარ აქვს უფლება იწოდებოდეს საქართველოს ხელისუფლებად!
მოგიწოდებთ ლელოელებს, ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეროვნული და ევროპული ღირებულებები, მოდით დღეს 15:00 საათზე, კანცელარიასთან.
ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა!”