შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
შედეგების გამოქვეყნება 5 აგვისტოდან უცხოური ენის შედეგით განახლდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი – 15 ქულაზე მეტი.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.