“ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.
2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.
იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.
როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს.
ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიაბშვილი- ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძონდნენ