ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი რწმენის, ეკლესიისა და წინაპრების შეურაცხყოფას,_ ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ერქვანია ერთ-ერთი კომპანიის მიერ „ერის, სარწმუნოებისა და წინაპრების“ შეურაცხყოფის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტებმა საზოგადოებაში სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
,,მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩვენი ერის, ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფის ფაქტებს, რამაც სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი რწმენის, ეკლესიისა და წინაპრების შეურაცხყოფას. ვერავინ წარმოიდგენდა თუ ქართველი შეურაცხყოფდა მთელი ერის სათაყვანებელ, სამაგალითო მეფეს, რომლის მსგავსი პოლიტიკური მოღვაწე ქალი ქვეყანას არ ჰყოლია. მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანად არის ცნობილი ისტორიაში. ყველა ერს ჰყავს თავისი ერის გამორჩეული პიროვნებები, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, სწორედ ასეთია ქართველი ერისთვის წმინდა მეფე თამარი . იგი არის მისაბაძი, როგორი უნდა იყოს ხელისუფალი და ადამიანი.
ასეთი ადამიანების შეურაცხყოფა მთელი ერის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხებაა. გაუგებარია, რატომ უნდა მოგივიდეს თავში ასეთი სიბინძურის ჩადენა, რატომ უნდა მიაყენო ტკივილი შენი ქვეყნის მოსახლეობას. ვფიქრობ, ეს არის იმ დიდი ბინძური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიმართულია ჩვენი სარწმუნეობის ეკლესიისა და ზნეობის წინააღმდეგ. დღეს, სამწუხაროდ, ზოგიერთს მართლმადიდებლების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰქონია, ხოლო მათი მხრიდან პროტესტის გამოხატვა დანაშაული“,,_ განაცხდა ერქვანიამ.