პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქართული ოცნების მიერ გაჟღერებულ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხმაურება.
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსისა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატი. ასეა ეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ვის პოლიტგემოვნებაში ჯდება და ვისაში – არა”, _ ამბობს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა.
“გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად პოლიტიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე”, – თქვა კობახიძემ..